სოფლის პროდუქტების ინტერნეტ მაღაზია

ფოკის მონასტრის პროდუქტები

ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი მდებარეობს ზემო ჯავახეთში, საქართველოში ყველაზე დიდი ტბის-ფარავნის პირას. ეს არის ადგილი სადაც წმინდა ნინომ პირველად დადგა ფეხი საქართველოში. აქედან იწყება საქართველოს გაქრისტიანება.

საქართველოში წმინდა ნინოს მოღვაწეობის და მიცვალების ადგილებში ოდითგანვე არსებობნდა მონასტრები, მაგრამ მისი შემოსვლის ადგილი ულოცველად იყო მიტოვებული. 1992 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ლოცვა კურთხევით დასრულდა წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის მშენებლობა, მე-11 საუკუნის ტაძრის გვერდით.

ფოკაში ბუნებრივი პირობები და ჰავა მკაცრია. იცის სუსხიანი ზამთარი, როდესაც ყინვა -37 გრადუსს აღწევს, ხოლო საშუალო ტემპერატურა -20 გრადუსია ცელსიუსით.

ეს ადგილი გამოირჩევა ალპური ზონისთვის დამახასიათებელი სამკურნალო ბალახების, ყვავილებისა და კენკროვნების სიუხვით. გარემო ეკოლოგიურად სუფთაა.

მონასტერში მოღვაწეობს 7 მონაზონი. ისინი დაკავებულნი არიან სამეურნეო საქმიანობით, უვლიან მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, რძისაგან ამზადებენ 16 სახეობის ყველს, უვლიან ფუტკრის სკებს, სეზონურად კენკრისა და ხილისაგან ამზადებენ ლერწმის შაქრისა და თაფლის გამოყენებით ჯემებს, თავისი ხელით ამზადებენ შოკოლადს, ჩაის (რომელსაც ურევენ ადგილობრივ სამკურნალო ბალახებსა და ყვავილებს).

მონასტერი ცდილობს დამზადებული პროდუქტი იყოს ბიოლოგიურად სუფთა და სასარგებლო ადამიანებისათვის.