მომწოდებლები

ბიომეურნეობა „ფონა“

პაატა წულაია უკვე 7 წელია ლაგოდეხის რაიონში, სოფელ ფონაში ბიომეურნეობას უდგას სათავეში და ყოველ დღე ყველა ბოსტნეულს, ხილს თუ ხორბლის თავთავის განვითარებას საკუთარი ხელით ამოწმებს და ზედმეტი ბალახისგან წმენდს.


ეთოს ფერმა „კოკორინა“

წარმოიდგინეთ, რა ორომტრიალია თბილისთან ახლოს, ეზოში მოწყობილ ფერმაში, სადაც ეთო და მისი მეუღლე 4 შვილთან, ორ ბებოსთან, ერთ ძაღლთან, 5 კატასთან და 400 იხვთან ერთად ცხოვრობენ.

ვადო და ნიკა თორტიზადან

წვნიან და ხრაშუნა ვაშლებს, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს ძალიან გიყვართ, ნიკა და ვადო სოფელ თორტიზადან გვაწვდიან. ბიძაშვილები 10 წელია ვაშლის ბაღებს ერთად უვლიან.


თია გულგულიდან

როგორც ყოველი ოქტომბრის ბოლოს, თიამ გულგულაში ჩურჩხელები გაგვივლო, ნამდვილი კახური - ნარჩევი ნიგვზით, სუფთა ბადაგით და მაღალი ხარისხის ფქვილით. უკვე გამშრალი კი ყუთში ფრთხილად ჩაგვილაგა და ქალაქში, თქვენთან გამოგვატანა.

ლაშხები ასურეთიდან

მამა-შვილი ლაშხები გერმანელების მიერ აშენებულ საუკუნოვან მარანში ასურეთის ნაქებ მიწებზე მოყვანილი ყურძნისგან საუკეთესო ღვინოს აყენებენ და ყოველი კვირის ბოლოს ქალაქში გვიგზავნიან.


ნათელა უსაფუარო პურებით

ნათელას საცხობში ფუსფუსი დილიდან საღამომდე არ წყდება. თავბრუდამხვევი სუნი თითოეულ შეკვეთას მოჰყვება და ყველას ამახსოვრდება ნამდვილი პურის გემო.

სერგო ბაბუ აბაშიდან

92 წლის სერგო მიქაძე საკუთარი ხელით მოყვანილ სიმინდს წყლის წისქვილზე ფქვავს, ცრის, ტომარას თავი მოუკრავს და სოფელ სამიქაოდან თბილისისკენ გამოამგზავრებს. ქალაქში მისმა ფქვილმა დიდი მოწონება დაიმსახურა - საოცრად გემრიელი მჭადები ცხვებაო, მომხმარებლებმა.

„ბაიას ღვინო“

გვანცა დის - ბაიას მსგავსად მშობლიურ სოფელს, ობჩას დაუბრუნდა და ოჯახთან ერთად ნამდვილ იმერული ხასიათის ღვინოს ამზადებს - მსუბუქს, მხიარულს და პირველივე ჭიქიდან რომ ძალიან ახლობელი ხდება.

„გვესოს ფერმა“

ცაგერში გვესოს ციხეს თუ ესტუმრებით, იქვე აუცილებლად შეამჩნევთ ბედნიერი თხების ფერმას, რომელსაც ნატო ბენდელიანთან ერთად ძირითადად ქალი ფერმერები მართავენ. თხის ყველი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის.

„ენკენი“

თამარმა, შოთამ და ნონამ 3 წელიწადში ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან საწარმოს აშენება, ადგილობრივი ქალების დასაქმება და პროდუქტის საზღვარგარეთ გატანაც შეძლეს. ვაშლის ჯანსაღი ჩიფსებით მომხმარებლის გულის მოგება, განსაკუთრებით ბავშვების კი - პირველი ჩახრამუნებისთანავე.

„კოპეშონი“

ეკატერინე ფარულავა ბოსტნეულის ცუკატებს ზუგდიდში ამზადებს და ისეთ ზღაპრული გემოს სტაფილოს, ჭარხლის, მწვანე პომიდვრის, ბადრიჯნის და გოგრის ცუკატებს გვიგზავნის, პირადად ჩვენ, ხილის ცუკატებს აღარ ვეკარებით.

„მართა ბებოს დამბალხაჭო“

ეკა დოჯურიშვილის ბებიის, მართას ნახელავი დამბალხაჭო მთელ თიანეთში იყო განთქმული და ეკამ რამდენიმე წლის წინ არამხოლოდ ოჯახის ტრადიცია აღადგინა, მისმა მონდომებამ ეს უნიკალური ყველი უამრავ ადამიანს გააცნო.


„ღვინის ეზო N1“

თიკა დუღაშვილი ყვარელში, ახალსოფელში ოჯახურ მეურნეობას უძღვება. ჩვენ კი საკუთარი კარ-მიდამოს ცაცხვის და ყვავილების თაფლით, ქვევრის რქაწითელითა და ჩურჩხელით გვანებივრებს.