მომწოდებლები

გიორგი დადიანიძეს 200-მდე ქათამი გორთან ახლოს, მეჯვრისხევში, დიდ მწვანე ეზოში ჰყავს გაშვებული. ყველაფერი აქვთ, რათა თავი ლაღად და ბუნებრივ პირობებში იგრძნონ. ქანდარასაც კი ხის ტოტების ფორმა აქვს და მათი ნაწარმი ნამდვილად ამართლებს „ბედნიერი ქათმის კვერცხის“ სახელს.

ჩვენს თაროებზე აუცილებლად შეამჩნევდით „გულიკოს აჯიკას“ და გასინჯვის შემდეგ კითხვაც გაჩნდებოდა - ვინ და სად ამზადებს ასეთი საოცარ გემოს მქონე აჯიკას. ლელა ეხვაია და დედამისი, ქალბატონი გულიკო აფხაზეთიდან, გალიდან ჩამოტანილი პროდუქტით ამზადებენ აჯიკას.

წარმოიდგინეთ, რა ორომტრიალია თბილისთან ახლოს, ეზოში მოწყობილ ფერმაში, სადაც ეთო და მისი მეუღლე 4 შვილთან, ორ ბებოსთან, ერთ ძაღლთან, 5 კატასთან და 400 იხვთან ერთად ცხოვრობენ.

პაატა წულაია უკვე 7 წელია ლაგოდეხის რაიონში, სოფელ ფონაში ბიომეურნეობას უდგას სათავეში და ყოველ დღე ყველა ბოსტნეულს, ხილს თუ ხორბლის თავთავის განვითარებას საკუთარი ხელით ამოწმებს და ზედმეტი ბალახისგან წმენდს.

წვნიან და ხრაშუნა ვაშლებს, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს ძალიან გიყვართ, ნიკა და ვადო სოფელ თორტიზადან გვაწვდიან. ბიძაშვილები 10 წელია ვაშლის ბაღებს ერთად უვლიან.

ია იმერლიშვილი, გარდა იმისა, რომ ჩვენი გუნდის საამაყო წევრია, წინანდლის მიკროზონაში მოყვანილი ყურძნისგან განსაკუთრებულად გემრიელ ღვინოს - საფერავსა და წინანდალს აყენებს.

მამა-შვილი ლაშხები გერმანელების მიერ აშენებულ საუკუნოვან მარანში ასურეთის ნაქებ მიწებზე მოყვანილი ყურძნისგან საუკეთესო ღვინოს აყენებენ და ყოველი კვირის ბოლოს ქალაქში გვიგზავნიან.

და-ძმა მილორავებმა 2015 წელს თელავში, ბაბუის მიერ 100 წლის წინ აშენებული მარანი განაახლეს. ახლა თეთრ ღვინოებს ქვევრში, წითელს კი ქვევრში და ევროპული წესით, წლების განმავლობაში მიღებული პრაქტიკული და თეორიული ცოდნით აყენებენ.

ნათელას საცხობში ფუსფუსი დილიდან საღამომდე არ წყდება. თავბრუდამხვევი სუნი თითოეულ შეკვეთას მოჰყვება და ყველას ამახსოვრდება ნამდვილი პურის გემო.

92 წლის სერგო მიქაძე საკუთარი ხელით მოყვანილ სიმინდს წყლის წისქვილზე ფქვავს, ცრის, ტომარას თავი მოუკრავს და სოფელ სამიქაოდან თბილისისკენ გამოამგზავრებს. ქალაქში მისმა ფქვილმა დიდი მოწონება დაიმსახურა - საოცრად გემრიელი მჭადები ცხვებაო, მომხმარებლებმა.

სვეტა დეიდას თელავურ მწნილებს მოუთმენლად ველოდებით ხოლმე. მის მიერ დამწნილებული ჯონჯოლი, წიწაკა, კომბოსტო, მწვანე პომიდორი და ხრამუნა კიტრი როცა გვეგულება, ის ზამთარი სულაც აღარაა ისე ცივი და მოსაწყენი...

თემი ქედელი, სიღნაღის რაიონში მდებარე საცხოვრებელი ერთობაა, სადაც შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ზრდასრული ადამიანები ღირსების შესაფერ ოჯახურ გარემოში ცხოვრობენ. თემში არსებულ შრომით-თერაპიულ სახელოსნოებში საქმიანობით მათ ეძლევათ საკუთარი უნარებისა და სურვილების რეალიზების საშუალება.
ქედელის მიზანია თავის მოსახლეებს გამოუმუშაოს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარ-ჩვევები. საცხოვრებელს გარეთ შრომითი ჩართულობით თუ კულტურული აქტივობებით ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციასა და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმის შემცირებას.
გვანცა დის - ბაიას მსგავსად მშობლიურ სოფელს, ობჩას დაუბრუნდა და ოჯახთან ერთად ნამდვილ იმერული ხასიათის ღვინოს ამზადებს - მსუბუქს, მხიარულს და პირველივე ჭიქიდან რომ ძალიან ახლობელი ხდება.

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 ათასზე მეტ ბიოფერმერს აერთიანებს, ეხმარება მათ პროდუქტის ბიოსტანდარტით მოყვანასა და რეალიზებაში. წლებია, რაც „ელკანაში“ გაერთიანებული ფერმერების მიერ მოყვანილი ჯანსაღი პროდუქტი ჩვენი მომხმარებლისთვის შეუცვლელი სურსათია.

თამარმა, შოთამ და ნონამ 3 წელიწადში ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან საწარმოს აშენება, ადგილობრივი ქალების დასაქმება და პროდუქტის საზღვარგარეთ გატანაც შეძლეს. ვაშლის ჯანსაღი ჩიფსებით მომხმარებლის გულის მოგება, განსაკუთრებით ბავშვების კი - პირველი ჩახრამუნებისთანავე.

მარიტა გენებაშვილმა მეუღლესთან ერთად წლების წინ გადაწყვიტა, რომ ჯანსაღი კვება გემრიელიც გაეხადა და ამ მიზნით ჯერ „ინებე“ www.inebe.ge, შემდეგ კი მიკრომწვანილების ვერტიკალური ფერმა „მიკროგრინი“ შექმნა.

ეკატერინე ფარულავა ბოსტნეულის ცუკატებს ზუგდიდში ამზადებს და ისეთ ზღაპრული გემოს სტაფილოს, ჭარხლის, მწვანე პომიდვრის, ბადრიჯნის და გოგრის ცუკატებს გვიგზავნის, პირადად ჩვენ, ხილის ცუკატებს აღარ ვეკარებით.

ქეთიმ და ირაკლიმ სვანური მარილის დამზადება სრულყოფილად ოჯახის უფროსი წევრებისგან შეისწავლეს და კვიციანების ოჯახური ტრადიცია ბიზნესად აქციეს.

ეკა დოჯურიშვილის ბებიის, მართას ნახელავი დამბალხაჭო მთელ თიანეთში იყო განთქმული და ეკამ რამდენიმე წლის წინ არამხოლოდ ოჯახის ტრადიცია აღადგინა, მისმა მონდომებამ ეს უნიკალური ყველი უამრავ ადამიანს გააცნო.

ქეთი უკვე წლებია ოჯახურ ბიზნესს, ნუშის ბაღების მოვლას ხელმძღვანელობს. ამ საქმისთვის თბილისიდან მარნეულში ჩადის და პანდემიის დროს ახალი პროდუქტი - კარამელიზირებული ნუში დარიჩინით, მეგრული აჯიკით, შოკოლადით და რით აღარ შექმნა.

თიკა დუღაშვილი ყვარელში, ახალსოფელში ოჯახურ მეურნეობას უძღვება. ჩვენ კი საკუთარი კარ-მიდამოს ცაცხვის და ყვავილების თაფლით, ქვევრის რქაწითელითა და ჩურჩხელით გვანებივრებს.

ღლონტების ოჯახს გურიაში თაფლის წარმოების 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ნინომ მეფუტკრეობაში მაგისტრის ხარისხიც მიიღო და მთელი ოჯახი აკადემიური თუ პრაქტიკული ცოდნით ამ გამორჩეულად კარგი ხარისხის თაფლის მიღებაშია ჩართული.

ნინა ანდრიაძემ 4 წლის წინ თხილეულის ჯანსაღი, თაფლით დამტკბარი პასტების წარმოება დაიწყო, რამაც პირველივე დღიდან უზარმაზარი ყურადღება მიიპყრო. ნედლეული მთლიანად ქართულია: მეგრული თხილი, იმერული გოგრის თესლის გულები, კახური პეკანი... დღეს „ჭკვიანი თხილის“ საწარმოში უკვე 10 ადამანია დასაქმებული.